შსს: 11 წლის ბიჭის გაუჩინარების საქმეზე იაგო ნებიერიძემ დამატებითი ჩვენება მოგვცა

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილის კახა საბანაძის თქმით, გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ გამოძიებას 2004 წელს გაუჩინარებული მოზარდის საქმეზე დამატებითი ჩვენება მისცა.

"2004 წლის საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ბრალდებული იაგო ნებიერიძე,  მოგვცა დამატებითი ჩვენება. ჩვენების ფარგლებში ჩატარდა დამატებითი საგამოძიებო ექსპერიმენტი, დათვალიერდა მითითებული ადგილი და ავიღეთ დოკუმენტური მასალა. ამჟამად მიმდინარეობს ამ დოკუმენტური მასალის დამუშავება. რა დრო დაჭირდება ზუსტად ვერ ვიტყვით,“ - განაცხადა საბანაძემ.

რამდენიმე დღის წინ, გორის ერთ-ერთ პარკში სამძებრო ღონისძიებები ჩატარდა. სხვადასხვა მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ გორში 8 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ სამართალდამცველებს წლების წინ გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის ცხედრის ადგილსამყოფელი უთხრა.

ცნობისთვის, 25 ოქტომბერს, გორში 9 წლის გოგო, რომელსაც ოჯახი და პოლიცია ეძებდა, მოკლული იპოვეს. გოგო სახლიდან დღის პირველ ნახევარში ცეკვაზე წავიდა და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა. თვითმხილველების თქმით, ცხედარს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული და თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოცმული.

ბრალდებული პოლიციამ იმავე ღამეს დააკავა. იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია. როგორც შემდეგ გაირკვა, ის 2004 წელს 11 წლის ბიჭის გაუჩინარებისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალი ვერ დაუმტკიცდა და მხოლოდ თანხის გამოძალვისთვის მოიხადა სასჯელი. გარდა ამისა, ნებიერიძე ნასამრთლევია ყაჩაღობისთვისაც.

2004 წელს დაკარგული 11 წლის ბიჭი დღემდე გაუჩინარებულია.

კომენტარები