გორის პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედარს ისევ ეძებენ

შსს

გორის კულტურისა და დასვენების პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედარს ისევ ეძებენ. გორის პარკში სამართალდამცველებმა ორი კარავი გაშალეს - ერთერთის ტერიტორიაზე მიწას თხრიან

შსს-ს ინფორმაციით, დამატებითი სამუშაოები 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იაგო ნებიერიძის ჩვენების საფუძველზე დაიწყეს.

"უკვე ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც იაგო ნებიერიძემ მოზარდის სხეულის სავარაუდო ადგილსამყოფელი მიუთითა. პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო მითითებული ტერიტორიის შემოწმება.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ტექნიკისა და ექსპერტების დახმარებით, ადგილზე უკვე ჩატარდა გეოსკანირება, რომელმაც პოლიციას დამატებითი ინფორმაცია მისცა ნიადაგზე სხვადასხვა დროს განხორციელებული ზემოქმედების შესახებ. დადგენილია რამდენიმე სავარაუდო ლოკაცია, სადაც ამჟამად მიწის გათხრის სამუშაოები მიმდინარეობს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 25 ოქტომბერს, გორში 9 წლის გოგო, რომელსაც ოჯახი და პოლიცია ეძებდა, მოკლული იპოვეს. გოგო სახლიდან დღის პირველ ნახევარში ცეკვაზე წავიდა და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა. თვითმხილველების თქმით, ცხედარს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული და თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოცმული.

ბრალდებული პოლიციამ იმავე ღამეს დააკავა. იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია. როგორც შემდეგ გაირკვა, ის 2004 წელს 11 წლის ბიჭის გაუჩინარებისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალი ვერ დაუმტკიცდა და მხოლოდ თანხის გამოძალვისთვის მოიხადა სასჯელი. გარდა ამისა, ნებიერიძე ნასამრთლევია ყაჩაღობისთვისაც.

2004 წელს დაკარგული 11 წლის ბიჭი დღემდე გაუჩინარებულია.

კომენტარები