ლევან მურუსიძე

მურუსიძე: ადამიანური ურთიერთობები - პატარა საიდუმლო, რითაც ავტორიტეტი მოვიპოვე

ერთ-ერთი კონფერენცია გვქონდა და ორ ჟურნალისტს ველაპარაკები შინაურულად და ისიც მეკითხებოდა, რატომ, როგორ მოხდა, რომ სასამართლო სისტემაში ასეთი მდგომარეობა გაქვთ. ამ დროს გამოიარა ერთმა მოსამართლემ და ვკითხე, იცით, ეს ვინ არის-მეთქი? ეს არის მოსამართლე ლონდარიძე, რომლის სოფელიც ნიჩგორი არის-მეთქი. 

ანუ, რეალურად, მე მაქვს მოსამართლეებთან სუფთა ადამიანური ურთიერთობები, ვიცი მათი ოჯახის შესახებ, შვილები, რა უჭირთ, რა ულხინთ და ვცდილობ, დავუდგე მათ გვერდში ადამიანურად. ცხოვრება როგორ არის, იცით? მაინდამაინც იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ რაღაც ბერკეტებით მართო, არის ადამიანური ურთიერთობები, არის ერთმანეთის მიმართ პატივისცემა. 

არავითარი კომპრომატი [ამ მოსამართლეებზე] მე არა მაქვს. როგორ შეიძლება, მე რაიმე კომპრომატი მქონდეს, რითი უნდა მქონდეს ეს კომპრომატი. მე ზუსტად აგიხსენით ის პატარა საიდუმლო, რისი საშუალებითაც მე მაქვს ეს ავტორიტეტი სასამართლო სისტემაში - ვიცნობ მათ შვილებს, მათ მეუღლეებს, მათ დაბადების დღეებზე ვყოფილვარ, ჭირში ვყოფილვარ, ლხინში ვყოფილვარ. მგონია, რომ ჩემი ოჯახის წევრები არიან. 

თქვა ლევან მურუსიძემ პალიტრის ეთერში. ლევან მურუსიძე 27 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 ხმით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ აირჩია. მის კანდიდატურას საბჭოს არამოსამართლე წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან. მურუსიძის სახელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებისთვის სასჯელის შემსუბუქება, სულხან მოლაშვილის გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში დატოვება, ასევე ფეხბურთელ გიორგი მიქიაშვილის საქმეში ექსპერტიზის 40 დღის დაგვიანებით დანიშვნა, რაც მიქიაშვილისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად შეფასდა. სამივე საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველო გაამტყუნა და სახელმწიფოს დაზარალებულებისთვის სხვადასხვა ოდენობით თანხის გადახდა დააკისრა. 

კომენტარები