უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

მოსამართლეობის კანდიდატი გეწაძე: მურისიძესთან ვმეგობრობ, მე მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შოთა გეწაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე თქვა, რომ ის ლევან მურუსიძის მეგობარია. 

გეწაძემ ნაზი ჯანეზაშვილის კითხვას უპასუხა. 

ჯანეზაშვილმა მას ჰკითხა: 

"შეკითხვა, რომელსაც ყველა კანდიდატს დავუსვამ, ეხება თქვენი კოლეგის, ლევან მურუსიძის ლიდერობას. მე არ გთხოვთ, შეაფასოთ ის, როგორც მოსამართლე და დაარღვიოთ ეთიკის სტანდარტები. როდესაც ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ ის არის ამ სასამართლოს ლიდერი, თქვენ რა განცდა დაგეუფლათ? გაგიჩნდათ თუ არა პროტესტის განცდა, რომ თქვენც ხართ ლიდერი, მიიჩნევთ მას ლიდერად, როგორ აღიქვამთ მოსამართლის მხრიდან ასეთ განცხადებას ან ზოგადად როგორ ფიქრობთ უნდა ჰყავდეს თუ არა სასამართლოს ერთი გამოკვეთილი ლიდერი?"

შოთა გეწაძემ უპასუხა: 

"ლევან მურუსიძე არის ჩემი მეგობარი და არა ჩემი ლიდერი. პირდაპირ ვამბობ ამას. ის არის ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანი ადამიანი და მე მგონი, ამით ბევრი რამ არის ნათქვამი. მეორე საკითხი, სასამართლოს, თავისი იმანენტური ბუნებიდან გამომდინარე დანიშნულებიდან გამომდინარე, ერთი ადამიანი ლიდერი არ სჭირდება". 

გეწაძემ იგივე გასაუბრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთანაც გაიმეორა: 

"ეს არ არის დასამალი, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ, ვმეგობრობთ, ჩვენ ვართ თანამშრომლები, ერთი სასამართლოს მოსამართლეები, ეს არის ფაქტი, ამაში რაიმე უცნაურს მე ვერ ვხედავ. რაც შეეხება გავლენას, არც ბატონი მიხეილი არ არის ამ პროცესში ჩარეული და ვერც იქნება, არც ბატონი ლევანი, აქ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მე ვარ კანდიდატი და ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობა. დღეს როგორც უკვე გითხარით, 4 საათის მანძილზე, მე მესაუბრებოდა იუსტიციის საბჭო და ვფიქრობ, რომ დასაბუთებული პასუხები გავეცი,“ - თქვა მან. 

ლევან მურუსუძე, რომელსაც საზოგადოება რამდენიმე საქმის მიკერძოებულად განხილვაში ედავება, მათ შორის არის სანდრო გირგვლიანის, გიორგი მიქიაშვილის და სხვა საქმეები, მოსამართლეთა ლიდერად საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა დაასახელა. 

ასევე, თავად მურუსიძემაც თქვა, რომ ის ლიდერია. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებთან გასაუბრება გუშინ, 17 ივლისს დაიწყო. 

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. 

დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო ხდება - დღეის მდგომარეობით, უზენაეს სასამართლოში 11 მოქმედი მოსამართლეა. თუმცა, ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ 10 მათგანის დანიშვნაზე ზრუნავს. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 10 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის 139 კანდიდატი იბრძვის. მათ შორის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ. 

კომენტარები