მწვანე პასპორტები

პასპორტი და ID ბარათი – რა განსხვავებაა Georgia E Health-სა და CovidPass Georgia-ს შორის

1 დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდა. ე.წ მწვანე ბარათის აღება შეუძლია ყველას, ვინც არის ორჯერ აცრილი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. გარდა ამისა, მოქალაქეებს 72-საათიანი მწვანე სტატუსი მიენიჭებათ PCR ტესტის ჩატარების შემთხვევაში, ხოლო 24-საათიანი - ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებისას.

Covid-ბარათის მიღების ორი გზა არსებობს - იუსტიციის სახლი და ელექტრონული აპლიკაცია. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ ორი აპლიკაცია შექმნა  - CovidPass Georgia და Georgia e-Health.

CovidPass Georgia აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ პირს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრების მიზნით. ამ აპლიკაციაში Covid-გადატანილებს უვადო მწვანე სტატუსი აქვთ გააქტიურებული. მარტივი რეგისტრაციის შემდეგ, QR კოდის დასკანერებისას ეკრანზე ეწერება, რომ მომხმარებელი აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, თუმცა, არ არის აღნიშნული, რა გზით - ვაქცინაციით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებით თუ Covid-ტესტით. 

საერთაშორისო მგზავრობისთვის კი, CovidPass Georgia არ გამოდგება და აპლიკაცია Georgia e-Health უნდა გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში, რეგისტრაცია უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს და რთული პაროლიც უნდა დააყენოთ. მწვანე სტატუსი ამ შემთხვევაში მხოლოდ ევროკავშირის დადგენილი კრიტერიუმებით ენიჭება მომხმარებელს - ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ინფიცირება, ტესტი, ორჯერადი ვაქცინაცია. 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, ორ აპლიკაციას შორის განსხვავება ისეთია, როგორც პირადობის მოწმობასა და პასპორტს შორის.

"პირობითად რომ წარმოვიდგინოთ - პასპორტი, რომლითაც ჩვენ საზღვარგარეთ დავდივართ და ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება აპლიკაცია, რომელსაც ჰქვია Georgia e-Health და პირობითად, პირადობის მოწმობა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ნებისმიერ დროს ქვეყნის შიგნით და ამ აპლიკაციას ჰქვია CovidPass Georgia.

CovidPass Georgia გაცილებით უფრო მარტივია გამოსაყენებლად და იქ რეგისტრაციას და მონაცემების გამოტანას ძალიან მცირე ძალისხმევა სჭირდება. აქ მთავარი არის ის, რომ სკანირება უნდა მოხდეს CovidPass Georgia-ს აპლიკაციის მეშვეობით, რომელსაც შეუძლია დაასკანეროს ნებისმიერი სახის მატარებელი, რომელზედაც არის დატანილი QR კოდი. ეს იქნება ცნობა, რომელიც გაცემულია ამცრელი დაწესებულების მიერ, ტესტის პასუხი, რომელზეც ასევე არის QR კოდი დატანილი, CovidPass Georgia ასკანერებს Georgia e-Health-ის მიერ გენერირებულ QR კოდსაც, ის ასევე ასკანერებს იუსტიციის სახლში გაცემულ კოვიდ ბარათებს, ამიტომ, ამით მაქსიმალურად გვინდა შევუქმნათ მოსახლეობას კომფორტი და შევუწყოთ ხელი ბიზნესს, რომ მათ, რაც შეიძლება ნაკლები პროცედურები დასჭირდეთ, რათა მწვანე პასპორტმა და ამ კონცეფციამ იმუშაოს“ - ამბობს ღიბრაძე.

კომენტარები