რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ბელარუსებს: რუსეთი თქვენგან რაკეტებს ისვრის, ჩვენს შვილებს კლავენ – თქვენ გძინავთ

ჩემი მიმართვა ბელარუს ხალხს ეკუთვნის:

დღეს ყველას საარჩევნო უბანზე, რეფერენდუმში ხმის მისაცემად გიხმობენ. შეიძლებოდა ეს ჩვეულებრივი საარჩევნო პროცესი ყოფილიყო, თუმცა ყველანი ვხედავთ, რომ სხვა დონის გადაწყვეტილების მისაღებად გამზადებული პროცესია.

გასული ღამე სასტიკი იყო უკრაინისთვის - ისევ ბომბდამშენების ფრენა და ისევ დასახლებული პუნქტების დაბომბვა. უკრაინაში არ არის არცერთი ობიექტი, რომელიც რუს ოკუპანტებს მიზანში არ აქვთ ამოღებული. ისინი ყველას ესვრიან და ყველას ებრძვიან. არ ინდობენ დასახლებულ პუნქტებს, საბავშვო ბაღებსა და სასწრაფო დახმარების მანქანებს. იყენებენ რეაქტიულ არტილერიას, ისვრიან ჭურვებს ყველა დასახლებული პუნქტის მიმართულებით. ამ დასახლებულ პუნქტებში სამხედრო ბაზები არასდროს ყოფილა. ვასილკოვი, კიევი, ხარკოვი, ჩერნიგოვი, სუმი და სხვა ბევრი ქალაქი, ზუსტად ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც ბოლოს ეს მეორე მსოფლიო ომის დროს იყო. თუმცა, ამ ომში ჩვენ ერთ მხარეს არ ვართ.

ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის არმია უკრაინის მიმართულებით რაკეტებს ისვრის, თქვენი ტერიტორიიდან ჩვენს შვილებს კლავენ, ანგრევენ ჩვენს სახლებს, ცდილობენ, ააფეთქონ ყველაფერი, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენი მამებისა და ბაბუების მიერ იყო აშენებული. ბელარუსში დღეს მიმდინარე რეფერენდუმი არის დე ფაქტო მოვლენა.

თქვენ დღეს წყვეტთ, ვინ ხართ და ვინ უნდა იყოთ მომავალში. როგორ ჩახედავთ შვილებს, მეგობრებსა და მეზობლებს თვალებში?! გახსოვდეთ, რომ ჩვენ თქვენი მეზობლები ვართ. ჩვენ, უკრაინელები, თქვენი მეზობლები ვართ. იყავით ბელარუსი და არა რუსეთი. ეს გადაწყვეტილება თქვენ დღეს, ზუსტად ახლა უნდა მიიღოთ.

ომის დასასრულებლად და მშვიდობის დასაბრუნებლად რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის გასამართ მოლაპარკებებზე ბევრი ინფორმაცია ვრცელდება და დიალოგის გასამართ ადგილად თქვენს დედაქალაქს, მინსკს ასახელებენ. ეს ადგილი მოლაპარაკებების ცენტრად ჩვენ არ აგვირჩევია, არც თქვენ. ეს ადგილი რუსებმა აირჩიეს. 4 დღის წინ ბელარუსიდან უკრაინისკენ რაკეტები, ვერტმფრენები, ტანკები და ბომბდამშენები გამოუშვეს, რომელებმაც ჩვენი სახლები დაანგრიეს და ეს იყო საშინელი დეჟავუ. კიევს თავს დილის 4 საათზე დაესხნენ. ვიღაცას იუმორის ზუსტად ისეთივე გრძნობა აღმოაჩნდა, როგორც ეს 1941 წელს ჰქონდათ. თქვენ გეძინათ, ძმებო ბელარუსებო, ჩვენ გამოვიღვიძეთ, თუმცა თქვენ ბელარუსებს ისევ გძინავთ. ჩვენ დაძინებას არ ვაპირებთ, რადგან ვიბრძვით ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და თავისუფლებისთვის, რადგან ჩვენ გვაქვს ამის უფლება. 

ამიტომ ,ნებისმიერ ადგილას ჩავალთ სასაუბროდ, ოღონდ არა მინსკში. მნიშვნელობა არ აქვს, სად, ოღონდ არა მინსკში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, გვინდა შევხვდეთ, გვინდა ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი, ბაქო - შევთავაზეთ ეს რუსულ მხარეს. ჩვენთვის შესაფერისია ნებისმიერი სხვა ქალაქი, რომლის ტერიტორიიდანაც რაკეტები არ დაფრინავს ჩვენს ქვეყანაში. მხოლოდ ამ გზით შეიძლება მოლაპარაკება იყოს პატიოსანი და ომის დასრულება რეალური.

უკრიანის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა ბელარუსელ ხალხს. 

კომენტარები