იაპონია

იაპონიის პრემიერი კურილის კუნძულებზე: ჩვენი განუყოფელი ტერიტორიებია

ფუმიო კიშიდა

7 მარტს გამართულ მრჩეველთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ რუსეთის ფედერაციისა და იაპონიის სადავო ტერიტორიებს, კურილის კუნძულებს "განუყოფელი ტერიტორია" უწოდა, რაც მოსკოვის მიმართ ტოკიოს პოლიტიკის ცვლილებაა. 

იაპონელი პოლიტიკოსები ამ ტერმინის გამოყენებას 2018 წლის ნოემბერიდან ერიდებიან, მას შემდეგ, რაც მაშინდელი პრემიერმინისტრი, შინძო აბე იაპონია-რუსეთის სამიტზე დათანხმდა, დაეჩქარებინათ სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საუბრები. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კიშიდამ აქამდე გამოყენებული ტერმინი დააბრუნა. 

კურილის კუნძულებისადმი ტერმინის შეცვლის საჭიროებას ხაზი იაპონიის კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა, ჰიროიუკი კონიშიმ გაუსვა. მისი თქმით, აბეს ადმინისტრაციის შემდეგ, ამ ტერიტორიებს მხოლოდ "სუვერენულ ტერიტორიად" მოიხსენიებდნენ.

"ჩვენ ტერმინ "სუვერენულ ტერიტორიას" დიპლომატიურად ვიყენებდით. განუყოფელი ტერიტორია და სუვერენული ტერიტორია. ორივე გამოხატავს ჩვენი ქვეყნის პოზიციას. [...] არ მახსენდება, რომ ამ ორ ფრაზას შორის განსხვავება გაგვეკეთებინა".  – დაამატა კიშიდამ.

2019 წლის თებერვალში, ყოფილი პრემიერის, შინძო აბეს ადმინისტრაციამ შეკითხვას, არის თუ არა ჩრდილოეთის ტერიტორიები (კურილის კუნძულები) იაპონიის განუყოფელი ნაწილი, უპასუხა: "[მთავრობას] სურს, თავი შეიკავოს ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან, რადგან ამან, შესაძლოა, შეაფერხოს მომავალი მოლაპარაკებები".

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, იაპონია მოსკოვს, დასავლეთის ქვეყნებთან ერთად, სანქციებს აქტიურად უწესებს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები