რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Новая Газета ოფიციალური გაფრთხილების შემდეგ რუსეთში საქმიანობას აჩერებს

REUTERS/Maxim Shemetov

რუსული გაზეთი Новая Газета, რომლის რედაქტორიც  ნობელის პრემიის მფლობელია, უკრაინაში რუსეთის "სპეციალური ოპერაციის" დასრულებამდე ონლაინ და ბეჭდურ საქმიანობას აჩერებს

გაზეთმა მედიის შესახებ ახალი კანონის შესაბამისად ვებგვერდიდან უკვე წაშალა მასალა უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედების შესახებ. ნოვაია გაზეტამ დღეს, 28 მარტს, კიდევ ერთი გაფრთხილება მიიღო მარეგულირებელი სააგენტოდან, რის გამოც მან ოპერირება შეაჩერა. 

დამოუკიდებელმა რუსულმა რადიოსადგურმა Эхо Москвы რადიოარხისა და ვებსაიტის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო.

1 მარტს რუსეთის გენერალური პროკურატურამ ლიბერალური რადიოსადგურის Эхо Москвы და დამოუკიდებელი გამოცემის Дождь წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. 2 მარტს კი Дождь-ის თანამშრომელთა ნაწილმა, მათ შორის გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიადკომ რუსეთი დატოვეს.

რუსეთმა 4 მარტს რადიო თავისუფლების და BBC-ის რუსული გამოცემების ვებგვერდებზე წვდომა შეაჩერა. მიზეზად რუსეთ-უკრაინის ომზე დეზინფორმაციის გავრცელება დასახელდა. ომის დაწყების შემდეგ რუსეთში გაიზარდა წნეხი თავისუფალ მედიაზე. 4 მარტს რადიო თავისუფლების რუსულმა ბიურომ მუშაობა დროებით შეაჩერა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები