აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2021

აშშ ანგარიშში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ქვეთავში სააკაშვილზეც საუბრობს

მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის ქვეთავში, რომელიც წამებას, სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ეხება საუბარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ.

ანგარიშში საუბარია სააკაშვილის დაკავების, მისი შიმშილობის, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში განთავსებისა და პენიტენციურ სისტემაში დაბრუნების შესახებ.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს N12 ციხიდან გლდანის პენიტენციური კლინიკაში სააკაშვილის იძულებით გადაყვანის დროს მისი უფლებების სავარაუდო დარღვევის დარღვევის გამოძიების თხოვნით მიმართა. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს ომბუდსმენის დასკვნებს, რომლის თანახმადაც სააკაშვილს სასამართლოს სხდომებში მონაწილეობა შეეზღუდა და მისი უფლებები დაირღვა.

სახელმწიფო დეპარტამენტი სახალხო დამცველზე დაყრდნობით წერს, რომ 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის პატივი, ღირსება და პირადულობა შელახა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანის ამსახველი ვიდეოკადრების გასაჯაროებით.

ანგარიშში სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე საუბრობს ინსპექტორის სამსახურის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებულ გარემოებებზეც.

"პარლამენტის მოქმედებებამდე [ინსპექტორის გაუქმების პროცესი] რამდენიმე დღით ადრე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში იძულებით გადაყვანის დროს. ინსპექტორის სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის შესახებ რამდენიმე ვიდეოს გამოქვეყნებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი დაარღვია". – ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოში ოპოზიციური პარტიები მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ.

კომენტარები