ევროკავშირი-საქართველო

კობახიძე: EU-ს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არ აქვს

ირაკლი კობახიძე
ქართული ოცნება

"ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არა აქვს, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს".- ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. 

მისი თმით, საქართველო უსწრებს მოლდოვასა და უკრაინას კრიტერიუმებით და აღნიშნავს, რომ ქვეყნამ ქართული ოცნების პირობებში  მიაღწია ყველა ხელშესახებ შედეგს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით.

" საქართველო ყველა შესაბამისი პარამეტრით წინ უსწრებს ორივე აპლიკანტ ქვეყანას, რასაც ვერავინ უარყოფს. მათ შორის, საქართველოს უკვე შესრულებული აქვს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 45 პროცენტი, რაც უპრეცენდენტო შედეგია. ამ მონაცემებით, საქართველო არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ უკვე კანდიდატის სტატუსის მქონე ზოგიერთ ქვეყანასაც კი უსწრებს.

გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირს საქართველოზე არ ეხარჯება არცერთი ევროთი მეტი. როგორც მოგეხსენებათ, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს საქართველოსთვის არავითარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის ვალდებულებას არ აკისრებს.

ასევე, ევროკავშირი არ იღებს არავითარ ვალდებულებას, კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში სტატუსის მინიჭებიდან რაიმე კონკრეტულ ვადაში გააწევრიანოს. როგორც მოგეხსენებათ, თურქეთს 23 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ევროკავშირში მისი გაწევრიანების საკითხი ამ ეტაპზე საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. ჩრდილოეთ მაკედონიას 17 წლის წინ, მონტენეგროს 12 წლის წინ, სერბეთს 10 წლის წინ, ხოლო ალბანეთს - 8 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამასთან, გაწევრიანებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები მათგან დღეს მხოლოდ სერბეთთან და მონტენეგროსთან წარმოებს. რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებით საჯაროდ განაცხადა, რომ ევროკავშირში მის გაწევრიანებას 10-15 წელი მაინც დასჭირდება".- ამბობს კობახიძე. 

მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს არც დაფინანსების და არც გაწევრიანების კუთხით არავითარ ვალდებულებას არ აკისრებს, გაუგებარია, რატომ უნდა უთხრას მან საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს უარი ამ სტატუსზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება გამორჩეულია გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისითაც.

"რისთვის შეიძლება უღირდეს ევროკავშირს ამის საპირისპირო გზავნილის გაჟღერება, სრულიად გაუგებარია. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ევროკავშირის უარი კანდიდატის სტატუსზე სრულიად ალოგიკური იქნებოდა. ევროკავშირის მხრიდან ეს იქნებოდა ზუსტად ისეთივე ალოგიკური გადაწყვეტილება, როგორიც უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა იყო.

საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობაზე უარი ერთი სახელმწიფოზე გადამტერებული და ეკლესიის მაგინებელი კრიმინალის გამო შეიძლება უთხრას, რომელიც 9-წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და იდეოლოგი იყო, რომელიც ქართული პოლიტიკის პოლარიზაციაში საკვანძო როლს ასრულებს და რომელმაც ტელეკომპანია რუსთავი 2 7 მილიონით გაძარცვა, უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია და ეს ვერსია სერიოზულ განხილვას არ ექვემდებარება".- ამბობს კობახიძე. 

მისი თქმით, "ომის პარტია" და მისი უცხოელი ლობისტები იმედს არ კარგავენ და აქტიურად იბრძვიან, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

"როგორც უკვე აღვნიშნეთ, რადიკალებისა და მათი უცხოელი ლობისტების გათვლა მარტივია, საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას უნდა მოყვეს საზოგადოების მღელვარება, ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოს ომში ჩართვა.

საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ბაკურიანის შეკრების ორგანიზატორებისა და მონაწილეების, ახალი შულავერის კომიტეტის, ომისა და ღალატის პარტიის ეს სცენარი საქართველოში ვერ განხორციელდება და ზუსტად ისევე ჩაიშლება, როგორც მათ ხელისუფლების გადატრიალების ყველა წინა მცდელობა ჩაეშალათ".- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე. 
 

კომენტარები