ევროპარლამენტის რეზოლუცია

პრეზიდენტი ოცნებას: არაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ივანიშვილი რეზოლუციაში არ ჩაწერილიყო

გაფუჭებული საქმე არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ყველაზე კარგად გამოჩნდა იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი, თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა, იმ ევროპარლამენტის პარტიებთაან, ვინც მონაწილეობას იღებდნენ ამ რეზოლუციაში. ოპოზიცია თავისი მხრივ მუშაობდა საკუთარი მიზნების მისაღწევად. მთავრობას კი ის სამუშაო, რაც მას ევალებოდა, ან პარტიას, არ ჩაუტარებია. არჩია ხან დუმილი, ხან შეურაცხყოფით პასუხი სერიოზულ კითხვებზე. შედეგიც მიიღო. უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რამე გადაწყვეტილების დაანონსება, რომლის ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს. საზოგადოება არ უნდა იყოს შეყვანილიო შეცდომაში. ეს რეზოლუცია, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთგვარ გაღიზიანების გამოვლენაა. ზოგი რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილისა და უმოქმედობის შედეგია. 

სიმართლეს არ წარმოადგენს ასევე განაცხადი, რომ ვითომცდა უკვე იყოს დაწესებული რამე ფორმით ე.წ. ირიბად მომუშავე სანქციები. ეს ბუნდოვანება მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ გადაიფაროს იმათი დანაშაული, ვისაც ეს მუშაობა ევალებოდა და ვინც ყველაფერი არ ეცადა რათა ეს უსამართლობა ქვეყნისთვის და ამ მთავრობის ყოფილი მეთაურისთვის აეცილებინათ თავიდან. ამ დანაშაულზე პასუხი, კონსპირაციული თეორიებით, ანტიევროპული განცხადებებზე, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა. მმართველ პარტიაზე ვლაპარაკობ. გადაფარვის მცდელობაა ჩემზე გადაბრალების, ვითომც მე დავსვი რაღაც ტოლობის ნიშნები და არა ის რომ თქვენ, მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ რიგში არ ჩაწერილიყო. თქვენ უნდა მიხედოთ ამ საქმეს. 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციაზე. 

კომენტარები