ქართული ოცნება

ივანიშვილის დეპუტატებმა "დეოლიგარქიაზაცია" ივანიშვილის წინააღმდეგ ჩანაწერად განმარტეს

საქართველოს პარლამენტი ივანიშვილის დეპუტატების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის ახალ განცხადებას ავრცელებს. 

განცხადებაში ივანიშვილის დეპუტატები საუბრობენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე და აღნიშნავენ, რომ 6 თვეში 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების გარშემო წნეხს დამატებით ამძაფრებს ელჩებისა და ევროპარლამენტარების განცხადებები. 

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის ნაწილს, ივანიშვილის დეპუტატებმა "დეოლიგარქიაზაცია" ივანიშვილის წინააღმდეგ ჩანაწერად განმარტეს. 

" ევროკომისიის დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი დეოლიგარქიზაციას ეხება. ამ კუთხით, ნაციონალური მოძრაობა და მისი უცხოელი მეგობრები თავხედურად მიანიშნებენ ბიძინა ივანიშვილზე, რომლის სახელი და გვარი ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც კი ჩაწერეს. აშკარაა, რომ დეოლიგარქიზაციის დათქმის გამოყენებით, კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კიდევ უფრო გაიშლება, მიუხედავად იმისა, რომ მისი „ოლიგარქობის“ შესახებ დღემდე არავის არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და ვერც წარმოადგენს".- აღნიშნულია განცხადებაში. 

მათივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ის მმართველობის საკითხებში არც კვირიკაშვილის და არც გახარიას პრემიერობის დროს არ ერთვებოდა. 

"თეორიულად რომც დავუშვათ, რომ ივანიშვილი გუნდის ლიდერებს პერიოდულად რაიმე რჩევებს აძლევს, პოლიტიკაში ეს ნორმაა და არაფორმალურ მმართველობას არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს. მაგალითად, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს იმაზე, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ლამის მთლიანად ბარაქ ობამამ დააკომპლექტა, თუმცა, ამისათვის ობამა დღემდე არავის გაუკრიტიკებია.

როდესაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს ხოლმე, რომ პოლიტიკაში არ ჩაერევა, ამას ყოველთვის ასრულებს კიდეც. ის დღეს არც პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული და არც მედიას აფინანსებს. გარდა ამისა, ყველას კარგად მოეხსენება, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში არავითარი ბიზნესი არა აქვს. ყველა პროექტი, რომელსაც ის ქვეყანაში ახორციელებს, სოციალური ქველმოქმედების გამოხატულებაა. ეს ყველაფერი ასე რომ არ იყოს, ფაქტები არავისგან დაიმალებოდა. ბიძინა ივანიშვილი პატივს სცემს და იცავს წესებსა და კანონებს და ყოველთვის ამ პრინციპებით მოქმედებდა. აქედან გამომდინარე, ოლიგარქად მის მოხსენიებას არავითარი საფუძველი არა აქვს".- აღნიშნავენ ივანიშვილის დეპუტატები. 

მათივე განცხადებით, ქვეყანაში თუ ვინმეს შეიძლება ოლიგარქი ეწოდოს, ეს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან. 

"რომ შევაჯამოთ, ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად ვერავინ განიხილავს, სააკაშვილს, კეზერაშვილს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს კი, ეს ცნება სრულად მიესადაგება. თუმცა, სიმართლის მიუხედავად, საზოგადოება სულ მალე დაინახავს, რომ დეოლიგარქიის კამპანიას ბაკურიანის შეკრების ორგანიზატორები და მონაწილეები თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილზე ააგებენ".- ამბობენ დეპუტატები. 

ივანიშვილის დეპუტატების ახალი მიმართვა სრულად ნახეთ აქ. 

სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია და საპარლამენტო თანამდებობა 28 ივნისს დატოვეს. მათი მტკიცებით, ისინი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩებიან.

 

კომენტარები