ვატო წერეთელი

TV პირველი: ანრი ოხანაშვილმა აშშ-ს საელჩოში ვატო წერეთელს ხელი დაარტყა

TV პირველის ცნობით, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ვატო წერეთელს თვითმხილველების თანდასწრებით ხელი დაარტყა. 

ინფორმაციას ადასტურებს ვატო წერეთელი. როგორც ის TV პირველის ეთერში ამბობს, მას ქართული ოცნების დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა. 

"აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე ქართული ოცნების დეპუტატები დამესხნენ თავს და ფიზიკურად გამისწორდნენ. აშშ-ს საელჩოს ეზოში, სადაც იყო მოწვეული 200 ან 300 სტუმარი. შოკში ვარ. წარმოგიდგენიათ, აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე ეს რომ ხდება, გარეთ რა ხდება?! 

მივმართავ კელი დეგნანს, საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება და კონკრეტულად ჩემ მიმართ. კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები. მიეცით მედიას კადრები, თუ როგორ უსწორდებიან ქართული ოცნების დეპუტატები ადამიანს. თქვენს ტერიტორიაზე მოხდა კრიმინალი".- ამბობს წერეთელი. 

მისივე თქმით, მას რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს და "საქმეებს ურჩევდნენ". 

"მონა ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოჰყვა ოდიშარია, ზარქუა, მგალობლიშვილი. მომიჭირა ყელზე, დამიწყო გარჩევები. აი, ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას დაგიწყებს, ხო თავი უნდა მოიკლა?! რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე. ისე უცებ მოხდა, ერთი ხელი, მეორე და მერე ჭიქა მესროლა და ნუ, მინდოდა დამელეწა თავზე, მაგრამ ნუ, წარმოუდგენელია, დავიბენი ".- ამბობს წერეთელი.

კომენტარები