აშშ-საქართველო

კინზინგერი: რუსული პროპაგანდაა, როცა მესმის, რომ აშშ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს

როდესაც მთავრობაში არსებული გარკვეული ძალებისგან მესმის, რომ ამერიკა ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, ეს ნამდვილად ჟღერს, როგორც რუსული პროპაგანდა. პირველ რიგში, მოდით, ამის ლოგიკურ ახსნაზე ვიფიქროთ. ერთი რამ, რაშიც, წესით, ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს ისაა, რომ ამერიკას საერთოდ არ სურს, რომ უკრაინაში ომი იყოს. თუმცა, ასევე გვესმის, რომ უკრაინელები საკუთარი თავისუფლებისთვის იბძვიან. ჩვენ მათთან ერთად ვართ, ვაწვდით იარაღს, რათა მათი ტერიტორიის არცერთი ნაგლეჯი არ დაიკარგოს, ესაა ის, რისთვისაც ვიბრძვით.

დიახ, გვსურს, რომ საქართველომ მხარი დაუჭიროს უკრაინას, ეს არაჩვეულებრივი იქნება. მაგრამ თავად ის იდეა, რომ ჩვენ ვცდილობთ საქართველო ჩავითრიოთ აქტიურ ომში რუსეთთან, ეს უბრალოდ სასაცილოა. ყოველთვის, როდესაც რაღაც მსგავსი მესმის, ან როდესაც ჩვენს ელჩზე ხორციელდება თავდასხმა, მაგალითად ქალბატონ დეგნანზე, რომელიც არაჩვეულებრივად მუშაობს, სულ მიჩნდება კითხვა - რა სურვილი ამოძრავებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთ წევრს? მართლა სურთ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახლოს იყვნენ, თუ უბრალოდ თავს გვაჩვენებენ რომ ასეა, რადგან იციან, რომ ქართველ ხალხს სურს ამერიკასთან ახლოს ყოფნა?

ყველა ლიდერს საქართველოში ერთ რამეს ვეტყოდი: ებრძოლეთ დეზინფორმაციას. ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ძალა, აღმოჩნდა, რომ არც კულტურული ძლიერება აქვთ, მეტიც, ხალხს საკუთარი მთავრობა ეზიზღება. დამიჯერეთ, არ გინდათ, რომ იგივე თქვენს ქვეყანაშიც გქონდეთ.

ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი. 

კომენტარები