საქართველოს პარლამენტი

ხვიჩია: კახა ოქრიაშვილი ჩემს მეგობრებთან საქმის გასარჩევად მისულა, სხვას არ უკადრია ეს

"კახა ოქრიაშვილი საქმის გასარჩევად ჩემს მეგობრებთან მისულა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მას შეურაცხყოფა მივაყენეთ". - ამის შესახებ პარლამენტის სესიაზე გირჩის დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ თქვა. 

ხვიჩიას თქმით, მას კითხვები აქვს როგორც კახა ოქრიაშვილთან ისე ნაციონალურ მოძრაობასთან, რადგან ოქრიაშვილმა გირჩი ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. 

"დღეს მას უთქვამს ჩემი მეგობრებისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თხოვდა, გირჩი დავეფინანსებინეთ. ანუ კონკრეტულ ადამიანს ხელი დაადო... პირველი რაც მაინტერესებს, ვეკითხები ოქრიაშვილს, როდინდელია ეს ამბავი? შეასრულა თუ არა ბიძინა ივანიშვილის თხოვნა? ვის გადაუხადა ფული თუ თხოვნა შეასრულა, რამდენი გადაუხადა? ვისაც ფული გადაუხადა იქიდან ვინ არის დღეს გირჩის შემადგენლობაში? როგორ მოიპოვა ივანიშვილის ნდობა ისე, რომ მას ეუბნებოდა ივანიშვილი ვისთვის უნდა გადაეხადა, ოპოზიციური პარტიები როგორ უნდა დაეფინანსებინა? ასეთი ნდობა როგორ მოიპოვება? ასეთი კაცი, რომელსაც ასე ენდობოდა ბიძინა ივანიშვილი, თუ ეს ყველაფერი მართალია, ნაცების სიაში როგორ აღმოჩნდა? იქნებ ესეც ბიძინა ივანიშვილის დავალებაა და ამხელა ოპოზიური პარტიაში, ჩვენს მხარეს ზის ოპოზიციონერ დეპუტატად, რომელიც შეიძლება სულ სხვა ვინმეს დავალებას ასრულებს? უფიქრია ამაზე ნაციონალურ მოძრაობას?" - ამბობს ხვიჩია. 

ხვიჩიას სიტყვებით, სხვას არ უკადრია ის, რაც კახა ოქრიაშვილმა იკადრა. 

"მარტივად მაინტერესებს, ადამიანი ასეთი ბიოგრაფიით რომ მოძრაობს, ყოველთვის რომ მმართველ პარტიაშია, რა მორალური უფლებით იმუქრება რაღაცას. შეიძლება გარეთ დაცვით დადის, ჩვენზე მეტი ფული აქვს, ამ დარბაზში ჩვენთან შედარებით ძალიან უსუსური ხართ, ბატონო ოქრიაშვილო, და ამას ნახავთ". - თქვა იაგო ხვიჩიამ. 

კახა ოქრიაშვილმა ტაბულასთან დაადასტურა, რომ საუბარი შედგა და აღნიშნა, რომ მან კიდევ ერთელ დაუდასტურა ოცნების მოკავშირეობა გირჩს.

"დღესაც ვთვლი, რომ გირჩი და მოქალაქეები ოცნების მოკავშირეები არიან. ამაზე მიუთითებს გადამწყვეტ პოლიტიკურ მომენტებში მათი ქმედებები და ნაბიჯები, რომელიც ემთხვევა ქართული ოცნების ნაბიჯებს და პირდაპირ იკითხება ქართული ოცნების დაკვეთად. ეს არის ჩემი პოლიტიკური შეფასება და ამაში შეურაცხმყოფელი არაფერია. თუ მათთვის ოცნების მოკავშირეობა შეურაცხმყოფელია, მაშინ ნუღარ იქნებიან მათი მოკავშირეები.

საპარლამენტო მმართველობას ახასიათებს მოკავშირეობრივი კოალიციების შექმნა, ამიტომ არ არის გამორიცხული, მომავალში გირჩი ნაციონალური მოძრაობის, ლეიბორისტების ან ნებისმიერი სხვა პარტიის მოკავშირედ ვიხილოთ. თუმცა მეეჭვება, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში 2 %-იანი ბარიერი გადალახონ.

ყველაფერი დანარჩენი ჭორაობაა!".- ამბობს ოქრიაშვილი. 

კომენტარები