ნიკა გვარამიას საქმე

სააპელაციომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

ნიკა გვარამია

სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

სააპელაციო სასამართლომ, წინა ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი გაფლანგვის მუხლი გადააკვალიფიცირა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. თუმცა, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მთავარი არხის დირექტორს 2015 წლის ეპიზოდზე ჯარიმა მიუსაჯა, ხოლო ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა, სააპელაციო სასამართლომ ორივე ეპიზოდზე საპატიმრო სასჯელი გამოიყენა.

"ნიკა გვარამიას 2015 წლის ეპიზოდიზე მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა სამი წლისა და ექვსი თვის ვადით და 2019 წლის ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე სამი წლისა და 6 თვის ვადით. თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 6 თვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, ერთი თვის ვადაში უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალკატაში სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით. უფლება გაქვთ, მიმართოთ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით" - განაცხადა მერაბ ჯორბენაძემ.

16 მაისს, კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე, მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა.

კომენტარები