აშშ-საქართველო

"საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია" – სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

REUTERS/Tom Brenner/File Photo

"ის, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, ჩვენთვის ძალზე შემაშფოთებელია, რადგან ვნახეთ დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში". – ამბობს ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.

დონფრიდმა ისაუბრა საქართველოში დემოკრატიული პროგრესის ნაკლებობაზე. ის შეეხო საქართველოში აშშ-ს ელჩ კელი დეგნანზე თავდასხმებსა და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ქმედებები ძირს უთხრიან საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. 

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ მზად არის ევროკავშირთან ერთად დაეხმაროს საქართველოს, გაატაროს კანდიდატის სტატუტის მისაღებად საჭირო რეფორმები და იმედს გამოთქვამს, რომ ამ მიმართულებით საქართველოში პროგრესი იქნება.

"შეერთებული შტატები საქართველოს პარტნიორია მისი დამოუკიდებლობის დღიდან. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მიაღწია პროგრესს, სწორედ ამაზე იყო დაფუძნებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ის, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, ჩვენთვის ძალზე შემაშფოთებელია, რადგან ვნახეთ დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში. რაც თვალშისაცემია ჩემთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის 85% მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ვფიქრობ, ეს წნეხს ზრდის მთავრობაზე. ჩვენ საქართველოს მთავრობას ვეუბნებით, რომ მზად ვართ, ევროკავშირთან ერთად დაგეხმაროთ იმ რეფორმების გატარებაში, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად არის საჭირო. ამიტომ, ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, რომ დავინახავთ პროგრესს, მაგრამ, აბსოლუტურად შეშფოთებულები ვართ ამჟამად პროგრესის ნაკლებობით. აღმაშფოთებელია კრიტიკა ჩვენი ელჩის მისამართით. ჩვენ ველაპარაკეთ საქართველოს მთავრობას ამ საკითხზე და ხაზი გავუსვით, რომ კრიტიკა, რომელიც მთავრობასთან დაახლოებული ჯგუფებიდან მოდის, ძირს უთხრის ჩვენს პარტნიორობას". – თქვა დონდფრიდმა.

კომენტარები