მიხეილ სააკაშვილი

ხაბეიშვილი: 3 დეკემბერს სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით ოცნების ოფისთან აქციას გავმართავთ

ლევან ხაბეიშვილი
ტაბულა

"აღარცერთი წუთი არ გვაქვს დასაკარგი და აღარცერთი დღე არ გვაქვს გადასადები" - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილი თქმით, შაბათს, 3 დეკემბერს, 15:00 საათზე ქართული ოცნების ოფისთან პარტიის მხარდამჭერებთან ერთად აქციას გამართავს. 

ხაბეიშვილის თქმით, პოლიტიკური დღის წესრიგი არ აქვთ - მისივე სიტყვებით, აქვთ მოთხოვნა სააკაშვილის გადაყვანის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უზრუნველყოფის შესახებ.  

"დღეს კიდევ ერთხელ რუსულმა ოლიგარქიულმა რეჟიმმა გვაჩვენა, თუ რა მდგომარეობაში ამყოფებენ მესამე პრეზიდენტს. ფაქტობრივად, დღეს დამალეს მიხეილ სააკაშვილი და არ აჩვენეს საზოგადოებას, თუ როგორ გამოიყურება ეს ადამიანი ვიზუალურად. საზოგადოება ამას კარგად ხვდება, ამას აქვს მარტივი მიზეზები და ახსნები - როგორც კი საზოგადოება დაინახავს პრეზიდენტს სააკაშვილის მდგომარეობას, მაშინვე, ცხადია, ყველას დარჩება შთაბეჭდილება ობიექტური, რომ დღეს ქვეყანას მართავს ფაშისტური რეჟიმი. 

[...] მე ხვალიდან გავდივარ რეგიონებში, არა მხოლოდ შაბათი დღისთვის, არამედ გენერალური ბრძოლის მობილიზებისთვის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ. ჩვენ ოთახიდან, კაბინეტებიდან უმოძრაოდ, უმოქმედოდ რუს ოლიგარქს ვერ დავამარცხებთ. არც ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ, არც ნიჰილიზმში არ უნდა ჩავვარდეთ, არც ერთამენთს არ უნდა დავაბრალოთ რამე. მეტიც, ხელები უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს და ვიბრძოლოთ. მხოლოდ ბრძოლით შეიძლება გამოვიხსნათ მესამე პრეზიდენტიც და ჩვენი ქვეყანაც რუსული კლანჭებიდან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 3 დეკემბერს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ქართულ ოცნებას, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას, არ ვაპირებთ, რომ ვიყოთ უიმედობაში, არ ვაპირებთ, რომ ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში, და მეტიც, კარგად უნდა იცოდეს რუსმა ოლიგარქმა - ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას, ბრძოლას და ბრძლას გამარჯვებამდე".- ამბობს ლევან ხაბეიშვილი.  

დღეს, 28 ნოემბერს, ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრება სურდა და მას, სავარაუდოდ, დარბაზში ეტლით შეიყვანდნენ, რადგან გადაადგილება დამოუკიდებლად არ შეეძლო. მოგვიანებით ვივამედის ხელმძღვანელმა, ნინო ნადირაძემ თქვა, რომ ექიმებმა სააკაშვილის ტრანსპორტირება გამართლებულად არ მიიჩნიეს, რის გამოც ექსპრეზიდენტი პროცესს არ დაესწრო.   

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 19 ნოემბერს გიული ალასანიამ თქვა, რომ სააკაშვილის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს, რომელსაც, მისივე სიტყვებით, "თვითონ ვერ გადაყლაპავდა". მოგვიანებით, ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა თქვა, რომ სააკაშვილი მოწამლულია.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ცნობებს განცხადებით გამოეხმაურა თავად მიხეილ სააკაშვილი - მისი თქმით, მისი არცერთი ადვოკატისთვის არასდროს არ უთქვამს, რომ მოწამვლაზე ეჭვი აქვს და "სპეკულაციები უადგილოა". იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სამხარაულის ცენტრს სააკაშვილისთვის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის გაკეთებასთან დაკავშირებით მიმართა. 

კომენტარები