საქართველოს ეკონომიკა

საქართველოში ექსპორტი თითქმის გაორმაგდა, დარწმუნებულნი ვართ, ნაწილი რუსეთში მიდის – ჩეხეთის ელჩი

ნეტგაზეთის ინფორმაციით, 30 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი რუსეთისა და ლიეტუვის საელჩოს ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას კითხვაზე, – იმის ფონზე, რომ საქართველოს მთავრობამ უღალატა პარტნიორებს [სანქციებთან შეერთებაზე უარისა თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით], უნდა ელოდოს თუ არა საქართველოს მოსახლეობა რაიმე ტიპის უარყოფით შედეგებს, ელჩმა მიკისკამ განაცხადა:

“ამ წლის დასაწყისიდან,  [ჩეხეთიდან] ჩეხური პროდუქტების საქართველოში ექსპორტი გაიზარდა 80%-ით, – გასულ წელთან შედარებით. თითქმის გაორმაგდა. გასულ წელს, იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გავლენა იყო, უკვე რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ “საკმაოდ დარწმუნებულები ვართ, ამ ზრდის ნაწილი რუსეთში მიდის“.

თუმცაღა, მოსაზრება, რომ პროდუქტის გაზრდილი რაოდენობა ჩრდილოეთით მიდის, ჯერჯერობით დაუზუსტებელია და, ელჩ მიკისკის ინფორმაციით, საკმარისი სტატისტიკური მონაცემი არ არსებობს ამის დასადასტურებლად. 

როგორც ნეტგაზეთი წერს, შეხვედრაზე ჩეხეთის ელჩმა თქვა, რომ “ეს იქნება ერთ-ერთი კრიტერიუმი, როდესაც შევაფასებთ საქართველოს მზაობას კანდიდატის სტატუსისთვის, და არა მხოლოდ 12 რეკომენდაცია“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს ჩეხეთიდან შემოტანილმა საქონელმა 124.8 მლნ დოლარი შეადგინა, როდესაც 2021 წელს  ეს მაჩვენებელი მხოლოდ 99.8 მლნ იყო, 2020 წელს კი 74.5 მლნ.

კომენტარები