მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ვივამედი: სააკაშვილი უფრო ალბათ არ ჭამს, ვიდრე ვერ ჭამს

მიხეილ სააკაშვილი

სამედიცინო ცენტრ ვივამედის კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს იღებს და ისიც მხოლოდ მისთვის სასურველ დღეებში. ჩხაიძე ასევე ამბობს, რომ სააკაშვილის მკურნალობისთვის მისი სრულფასოვნად კვება აუცილებელია.

"შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილის წაქცევის ეპიზოდი არ ყოფილა, მხოლოდ და მხოლოდ წნევის უმნიშვნელო ცვალებადობა იყო. რაც შეეხება საკვებს. მისი დაავადებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პაციენტს ყველა სამკურნალო საშუალება უკეთდება, რაც დღეისთვის გამოიყენება. მაგრამ, მოგეხსენებათ, მკურნალობა რთული პროცესია და პაციენტზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული. ამიტომ, კვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სააკაშვილი სრულფასოვნად უნდა იკვებოს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ის სრულფასოვნად არ იკვებება. პაციენტი მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს იღებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ეს არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი ვერ ჭამს, უფრო, ალბათ, არ ჭამს. რა თქმა უნდა, სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ მკურნალობა გრძელდება და შესაბამისად, მას ყველაფერი უკეთდება. მაგრამ, პაციენტსაც უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს". - ამბობს ვივამედის კლინიკური დირექტორი.

ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის რამდენიმე დღის წინ გავრცელებული  დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად, ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხვდარიყო. 

ამასთანავე, ემპათიას განცხადების მიხედვით, ამჟამად მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები ნეირო-ფსიქიკური, გასტრო-ენტეროლოგიური, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და მხედველობის მხრივ. მათივე ცნობით, სააკაშვილს აქვს დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, კუნთების განლევა, "რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც". 

კომენტარები