მიხეილ სააკაშვილი

ამერიკელი ექიმი: სააკაშვილი სერიოზულადაა ავად, ბევრი შეუსაბამო მედიკამენტი დაუნიშნეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ამერიკელ ექიმს შაჰინ ლაჰანს კითხავენ. ექიმის თქმით, სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დაავადებები ხელისშემშლელი ფაქტორია მისთვის სასჯელის მოხდისთვის.

"ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ ის სერიოზულად არის ავად. მას აწუხებს სხვადასხვა დისფუნქციები, მათ შორის ეს არის თავის ტვინის, ზურგის ტვინის, საჭმლის მომნელებელი სისტემის. ყველაზე მძიმე დიაგნოზია დემენცია, რომელიც მას აქვს, ასევე კრუნჩხვები. ასევე პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, რომელიც ართულებს მისთვის სიარულის ფუნქციის განხორციელებას. ასევე ხერხემლის სვეტის, კისრის მიდამოში მალთაშუა დისკების მხრიდან ზურგის ტვინის კომპრესი, ანუ ზურგის ტვინზე ზეწოლა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და ასევე მასთან დაკავშირებით ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი შეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას".- ამბობს ლაჰანი. 

დეკემბრის ბოლოს, სასამართლოში ასევე დაიკითხა ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, რომელმაც თქვა, ის თვლის, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მძიმე მეტალებით კლინიკა ვივამედში გადაყვანამდე, ციხეში მოწამლეს.

სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მას IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა ცენტრმა ემპათიამაც - მათი ცნობით, სააკაშვილს აქვს 10 დიაგნოზი, რომელიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დიაგნოზებს ემპათია არ ასაჯაროვებს. მათივე ცნობით, სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.  

კომენტარები