ენმ

მერაბიშვილისა და მელიას დაპირისპირების ანატომია – მელიას მიხედვით

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მასსა და ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირება 2020 წლის საარჩევნო კამპანიისას დაიწყო - მაშინ მელია გლდანში იყრიდა კენჭს, როგორც საერთო ოპოზიციური კანდიდატი. ენმ-ს მოქმედი თავმჯდომარე TV პირველის ეთერში ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი მისი საარჩევნო შტაბის "დანგრევას" ცდილობდა. მისივე მტკიცებით, ყოფილი მაღალჩინოსანი ზურგსუკან ებრძოდა.

ნიკა მელიას თქმით, პარტიის ყოფილ გენერალურ მდივანს პირველად "საფუძვლიანად" ციხეში შეხვდა. მისი ცნობით, იქამდე, ვანო მერაბიშვილი მხოლოდ ორჯერ ჰყავდა ნანახი - 2013 წელს.

"უკვე დეპუტატი ვიყავი და ციხეში მოვინახულე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოქმედი გენერალური მდივანი. კარს მომდგარი იყო ყრილობა სპორტის სასახლეში, სადაც პარტიის დელეგატებს, წევრებს ხელახლა უნდა აგვერჩია პოლიტიკური საბჭოს წევრები და გენერალური მდივანი. გახსოვთ მაშინ, დიდი ნაწილი პარტიას გამოეყო, დააფუძნა ევროპული საქართველო და ბევრისთვის უბრალოდ გაუგებარი იყო, სად იდგა ბატონი ვანო მერაბიშვილი, როცა ბევრი მისი მეგობარი იყო მეორე მხარეს.

შევედი მასთან მარტივი წინადადებისგანსახილველად. ვეუბნები ბატონს, რომ ჩვენ რამდენიმე დღეში გვაქვს ყრილობა სპორტის სასახლეში და უნდა აგირჩიოთ კვლავ თქვენ გენერალურ მდივნად, რაზეც მან კატეგორიული უარი განმიცხადა. მეტიც, მთხოვა, ეს არ გავაკეთოთ.

ვისაუბრეთ ბევრი, მივხვდი, რომ ამ ადამიანს ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს - აღარ უნდა ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნობა. კოლეგებთან ცენტრალურ ოფისში განვიხილეთ ეს საკითხი. ძალიან მძიმე იყო ეს პროცესი, ყრილობაზე პატიმარი ადამიანი თანამდებობიდან უნდა გადაგვეყენებინა და ვფიქრობ, ძალიან არასწორად გამოჩნდებოდა პარტიის პოზიცია. ვანო მერაბიშვილის გაცხადებული პოზიციის მიუხედავად, პარტიამ ყრილობაზე კვლავ აირჩია გენერალურ მდივნად. ზუსტად მეორე დღეს, გავრცელდა მერაბიშვილის განცხადება, რომ მისი ნების წინააღმდეგ ავირჩიეთ ჩვენ იგი გენერალურ მდივნად. ამიტომ, ჩემთვის არათუ არ იყო ცნობილი, 2016 წლიდან 2020 წლამდე სად იდგა ვანო მერაბიშვილი და რა პოლიტიკური პოზიცია ჰქონდა, ვიცოდი, რომ მინიმუმ, ის არ იყო ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

პარტიის მოქმედი თავმჯდომარის თქმით, ვანო მერაბიშვილთან მისი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ჰქონდა შეხვედრები, მოგვიანებით კი შეიტყო, რომ მერაბიშვილი გლდანში საარჩევნო კამპანიაში ჩართულ ადამიანებს ნიკა მელიას შტაბის დატოვებას შუამავლების მეშვეობით სთხოვდა.

"2020 წელს ვარ გლდანში, ძალიან მძიმე საარჩევნო კამპანიაში. მალევე ირკვევა, რომ იქ ოპოზიციას აქვს ძალიან ძლიერი პოზიციები და გამარჯვების უნიკალური შესაძლებლობა არსებობს, ვებრძვით კახი კალაძეს, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს... ხდება ოფისების გადაწვა, იარაღებით თავდასხმა, ამ პროცესში მე და ბევრმა ჩემმა მეგობარმა, საარჩევნო შტაბის აქტიურმა წარმომადგენელმა აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ თურმე ვებრძვით არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ანუ ქართულ ოცნებას. არამედ ჩვენ გვიპირისპირდება ვანო მერაბიშვილი.

ვანო მერაბიშვილი ძალიან აქტიურად ყოფილა ჩართული ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში. კონკრეტულ ათამდე ადამიანთან მისი წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც, გადიან კონტაქტზე და ეუბნებიან, რომ დატოვეთ ნაციონალური მოძრაობის შტაბი, მელიას საარჩევნო შტაბი, იქნებ არ დაეხმაროთ... გამოუნახეს საერთო შეხების წეტილები ჩვენი შტაბის წამყვან წევრებს, ყველას ხომ არ ვიცნობდი წლების განმავლობაში,  გლდანში პროცესში გავიცანი ბევრი ადამიანი. დროთა განმავლობაში ვხედავ, რომ ცენტრალურ შტაბში ადამიანთა რაოდენობა მცირდება ჩემ გარშემო. მეტიც, დაიკარგნენ ჩემი თვალთახედვის არედან რამდენიმე დღის განმავლობაში. მადლობა ამ ადამიანებს იმისთვის, რაც გააკეთეს, მათ რომ ყური დაეგდოთ მერაბიშვილისთვის, ის არჩევნები ჩაიშლებოდა ... სამი დღის შემდეგ გამოჩნდნენ ეს ადამიანები, გაოცებულები, მოვიდნენ და მომიყვნენ სიმართლე...

დანა რომ ჩაგერტყა, სისხლი არ წამომივიდოდა, რადგან მეგონა, ახალგაზრდა პოლიტიკოსი ძალიან უთანასწორო ბრძოლაში ვუპირისპირდები ბიძინა ივანიშვილს, კალაძეს, და თურმე მებრძვის ადამიანი, რომელიც 7 წელი საპატიმროში იყო, გამოდის და მიკეთებს ამას, იმის მაგივრად, რომ დამეხმაროს. თან აკეთებს ამ ყველაფერს მალულად" - თქვა ნიკა მელიამ.

ენმ-ის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ ორწელიწადნახევარი გავიდა, თუმცა, საჯარო სივრცეში ამ თემაზე არასდროს ულაპარაკია. ნიკა მელიას თქმით, იმავე დღეს ჰქონდა ვანო მერაბიშვილთან კომუნიკაციის მცდელობა, თუმცა, ის კონტაქტზე აღარ გამოსულა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ პარტიაში ვანო მერაბიშვილის მეგობრებს ყველაფერი უთხრა და სთხოვა, კამპანიის პროცესში ამ საკითხზე არავის ესაუბრა.

"მანგრევდა კარგად ორგანიზებული ჯგუფი ისე, რომ წარმოდგენა არ მქონდა და ვერასოდეს ვერ გავიგებდი, რომ არ ემძლავრა ამ ადამიანებში ღირსებას და პრინციპულობას, რომლებმაც ეს მომიყვნენ".

კითხვაზე, რა ინტერესი ჰქონდა ვანო მერაბიშვილს, როდესაც ცდილობდა, საერთო ოპოზიციურ კანდიდატს არ გაემარჯვა, ნიკა მელია პასუხობს, რომ ეს იყო პოლიტიკური გავლენების მოპოვება.

"ეტყობა, მან ჩათვალა - თუ მელია გლდანში გამარჯვებას მოიპოვებს, თანაც ერთადერთი გამარჯვებული ოპოზიციონერი კანდიდატი იქნება, შემდეგ ამას პოლიტიკურ კისერს როგორ მოვუღრეც? არ ვიცი, რა იმალება ამ ადამიანში. მთელი მისი ძირითადი ნაწილი ცხოვრებისეული გზისა, რით ხასიათდება? ხასიათდება ინტრიგებით, ადამიანების ერთმანეთთან გადაკიდებით.

მე როდესაც ვიცი, რომ ასე მექცევა ადამიანი, რომელსაც უნდა გავლენის მოპოვება პარტიაში, რა სინდისით ან მორალით უნდა ვეცადო და დავარწმუნო ნებისმიერი გადაუწყვეტელი ან გადაწყვეტილებამიღებული ამომრჩეველი, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მსგავს მანკიერებებს აღარასდროს გაიმეორებს? 

როდესაც ეს ხალხი ხედავს, რომ მე თავად ვარ ადამიანი, რომელსაც თავად გადამხდა, რასაც ვყვები, მე როგორ დავარწმუნო ნებისმიერი წალენჯიხელი, ზუგდიდელი, ბათუმელი, ქუთაისელი, თბილისელი, რომ ცვლილება ყოველთვის ნიშნავს უკეთესობას? მეტიც, მე დავრწმუნდი, ამ ადამიანების შემთხვევაში, რომლებისთვისაც მსგავსი მეთოდები არის პროზაული ცხოვრების ნაწილი, ბრძოლა უბრალოდ შეუძლებელია. საზოგადოებისთვის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ალტერნატივის შეთავაზება შეუძლებელია, არ ვართ გულწრფელები" - ამბობს მელია.

ნიკა მელიას თქმით, 2021 წლის დასაწყისში, როცა პარტიის ოფისში იყო ალყაში და პოლიცია მის დაკავებას აპირებდა,  ვანო მერაბიშვილი მივიდა. 

"მითხრეს, რომ იყო ეზოში მოსული. მე ვთქვი, რომ არ მქონდა შეხვედრის სურვილი. არ მაქვს შეხვედრის სურვილი და არც არასოდეს მექნება, არასდროს ხელს არ ჩამოვართმევ, რადგან ადამიანთან, რომელიც მსგავს ნაბიჯს დგამს, არასოდეს არ დავიწყებ თანამშრომლობას, ეს არის გადაულახავი ბარიერი და თუ ვინმესთვის ეს არის მისაღები ფორმები ან იყო ოდესმე, აგერ ჩემო კარგებო, ძვირფასო ამომრჩევლებო, 28 იანვარს დაიწყება არჩევნები, რომელიც ღირებულებითია ჩემთვის, ფასეულობითია, მეც მაინტერესებს ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილი რას ფიქრობს, იმიტომ, რომ დიახაც, დილემური არჩევანია“, – ამბობს მელია.


ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. პარტიას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი. თავდაპირველად კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენების შემდეგ მან კანდიდატურა მოხსნა

ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ენმ-ში მიმდინარე პროცესები მის წინააღმდეგ ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა დაგეგმეს. ნიკა მელიას თქმით, 9 ნოემბერს სწორედ ყოფილმა მაღალჩინოსნებმა "გააკეთებინეს" ენმ-ში არჩევნების ჩატარების მოთხოვნაზე განცხადება პარტიის რამდენიმე წევრს.

"დიახ, აი, ამ 9 ნოემბრის მთავარი მოქმედი პირნი, შემსრულებელნი, რა თქმა უნდა, იყვნენ ბატონი ვანო მერაბიშვილი და დათო კეზერაშვილი. რა თქმა უნდა, ერთად, ჩემ წინააღმდეგ. ეს პროცესები თავიდან ბოლომდე ინსპირირებული, დაგეგმილი, ორგანიზებული იყო ამ ორი ადამიანის მიერ, ეს არის სიმართლე" - თქვა მელიამ და აღნიშნა, რომ ახლა პარტიის შიგნით დაპირისპირებაა ძველსა და ახალ მეთოდებს შორის.

"მე ალბათ ამ გადაცემას ისე დავასრულებ, ყველაზე ნაკლებს ვისაუბრებ ბატონ ლევან ხაბეიშვილზე, მიმაჩნია, რომ ბატონი ლევან ხაბეიშვილი არ არის ამ შემთხვევაში ჩემი კონკურენტი" - ამბობს პარტიის მოქმედი თავმჯდომარე.

კომენტარები