ბიძინა ივანიშვილი

სამნიძე: ივანიშვილმა 2014 წელს გვითხრა, იძულებული გავხდი, პუტინისთვის ბოდიში შემეთვალაო

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ თქვა, რომ 2014 წელს რესპუბლიკელების ევროსაბჭოში გამოსვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა პუტინს ბოდიში შეუთვალა. ამის შესახებ სამნიძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა. 

"ეს არ მითქვამს აქამდე ეთერში. მაგალითად, 2014 წელს ევროსაბჭოში ძალიან მკაცრი განცხადებებით გამოვიდნენ მაშინ რესპუბლიკელებს, თინა ხიდაშელი და ლევან ბერძენიშვილი. ანტირუსული განცხადებები გააკეთეს, დაიცვეს უკრაინის ყირიმი, დონბასი და მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ გვითხრა, რესპუბლიკელებს, ერთ-ერთ ლიდერს რესპუბლიკური პარტიის, რომ ისეთი მწვავე იყო ეს გამოსვლები, რომ იძულებული გავხდი, შემეთვალა პუტინისთვის ბოდიშიო. დავით ბერძენიშვილს უთხრა და მე უფლება ავიღე, რომ ეს მეთქვა".- თქვა სამნიძემ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ისაუბრა ამაზე პარტიამ აქამდე, სამნიძემ კითხვითვე უპასუხა - "რამე ახალი ვთქვი და არ იცოდა ვინმემ?"

მისივე თქმით, რესპუბლიკური პარტია ქართულ ოცნებასთან კოალიციაში იმიტომ რჩებოდა, რომ "დასავლურ კურსს არ შეჰქმნოდა პრობლემა".

დავით ბერძენიშვილი სამნიძეს FACEBOOK-ზე გამოეხმაურა და მისი ნათქვამი დაადასტურა. 

"ახლა ინგა გრიგოლიას ეთერში რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ გაიხსენა, 2014 წლის მაისში რომ მითხრა ბიძინა ივანიშვილმა, თინა ხიდაშელის და ლევან ბერძენიშვილის მწვავე ანტირუსული გამოსვლების გამო პუტინს ბოდიში შევუთვალეო. დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ინფორმაციამ. აქამდე რატომ არ ამბობდითო, იკითხა ინგამ.

რამდენიმე წლის წინ ემა ტუხიაშვილთან გავიხსენე ეს საუბარი პალიტრის ეთერში. სხვა ამბებიც გამიხსენებია საჯაროდ - მაგალითად, აფხაზეთი გავცვალოთ ნატოში, ესეც შემოგვთავაზა ბიძინამ. არ იცვლება თქო, მკაფიოდ ვუპასუხეთ. აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმს დავპირდეთ საჯაროდ აფხაზებსო - ესეც დავუბლოკეთ რესპუბლიკელებმა. ამაზეც მილაპარაკია საჯაროდ.

გასაგებია, რომ ყველა გაჟღერებული ამბავი სხვადასხვა ეთერში, სოციალურ სივრცეში თუ მიტინგზე საყოველთაო ინტერესის საგანი არ/ ვერ ხდება.

მთავარი პრობლემა ის კი არაა, როდის რა გაჟღერდა და რა დოზით, არამედ ის, რომ ასეთი საფრთხეების თავიდან აცილება როდის და როგორ მოხერხდა თუ ვერ მოხერხდა.

თავდემების და რესპების მნიშვნელოვანი წვლილია იმაში, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონიც მივიღეთ და გზა გაგვეხსნა ვიზალიბერალიზაციისკენ. 2014- ის ნოემბრიდან ირაკლი ალასანიას პარტიის ოპოზიციაში გადასვლის მერე ორივე პარტიის ტვირთის ზიდვა კოალიციაში დარჩენილ რესპებს მოგვიხდა. მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციაში უნდა წავსულიყავით 2014- ის ზაფხულში/ შემოდგომაზე. პარტიის გაყოფას კოალიციაში გაძლიერება ვამჯობინეთ ორივე ფრთამ - კოალიციის გაუმჯობესების მომხრეებმაც და ოპოზიციაში წასვლის მოსურნეებმაც ( სამწუხაროდ, ინტელექტუალური შეცდომა მოგვივიდა - პარტიაც გაიყო და ორივე ნაწილი ოპოზიციაში აღმოჩნდა გაცილებით დასუსტებულები). ისიც აღსანიშნავიარომ 2015- 2016 წლებში თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბერძენიშვილის როლი ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელო ნამდვილად არ იყო. ბიძინა მისი ხედვები რეალიზებას ამ მიმართულებით ვერ ახერხებდა.

ბიძინას ხელისუფლება პრობლემური იყო თავიდანვე, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცუდი და საშიში გახდა მისი ერთმმართველობის დროს. 2016- 2020 წლები დასავლური სვლის შეფერხება/ შეჩერება იყო. 2020/2021 წწ-ში არჩევნების მიტაცება უკვე სახელმწიფოებრიობის კრიზისს ქმნიდა. 2022- ის 24 თებერვლიდან კი ეს ხელისუფლება დასავლური არჩევანის წართმევით რეალურად ემუქრება საქართველოს.

" მაინც წინ მივალ, მაინცა..."

უკრაინის გამარჯვება და დასავლეთის მიერ რუსეთის მინგრევა ძალიან რეალური მგონია. და ამ საგარეო მხარდამჭერი ფაქტორის გამოყენებით ქართული დემოკრატიის ინსტიტუციებიც - პოლიტიკა, მედია, არასამთავრობო სექტორი და ა.შ. შეძლებს ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას.

ეთერში არ დავდივარ რამდენიმე თვეა და ერთხანს კვლავ ვაპირებ ჩემგან მაყურებლის დასვენებას. ბევრი მირეკავს და მწერს - ჟურნალისტებს გთხოვთ, კვლავ გაგებით მოეკიდოთ ჩემს ამ გადაწყვეტილებას.

ყველაფერი იქნება უკეთ".- წერს ბერძენიშვილი.

კომენტარები