სტიქია რაჭაში

შსს: ამ დროისთვის, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რაჭაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - უწყების ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. 

"ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე - მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები. დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. 

შემთხვევის ადგილზე ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. 

სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ სტიქიის ზონაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. სტიქიის ზონაში მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც მუდმივ კავშირზეა ადგილობრივ მერიაში შექმნილ საკოორდინაციო შტაბთან, ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც". - წერია განცხადებაში.  

გუშინ, 3 აგვისტოს, სტიქიის ზონიდან 70-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს. დღეს მაშველებმა დამატებით 80-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა შეძლეს. ინფრასტრუქტურის მინისტრმა თქვა, რომ უსაფრთხო ადგილას გუშინ 152 ადამიანი იყო, მათი ევაკუაცია დღეს დილით, ვერტმფრენით მუშაობის განახლებისას დაიწყო. 

ბოლოს განახლებული მონაცემებით, დაკავშირება ვერ ხერხდება 44 ადამიანთან - ინფორმაცია ვრცელდებოდა 50 პირზე, თუმცა გვიან ღამით მინისტრმა თქვა, რომ 6 მოქალაქესთან კონტაქტზე გავიდნენ. 

სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება - დაკარგულ მოქალაქეებს, მაშველებთან ერთად, ეძებენ მოხალისეები, ასევე, მათი ახლობლები და ნათესავები.  

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებრად მეწყერის შედეგად მიწის მასა, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა. ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის თქმით, შოვში მიწისა და წყლის ძალიან დიდი მასა ჩამოიშალა. ხიდიშელი ამბობს, რომ მეწყერმა ის ხიდი წაიღო, რითიც მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე გადადიოდნენ.  

ბოლო მონაცემებით, მაშველებმა ადგილზე იპპვეს 2 ადამიანის ცხედარი. 

კომენტარები