საქართველოს პარლამენტი

ვიზიტორს ეკრძალება ბანერების გამოფენა – პაპუაშვილმა პარლამენტში ქცევის წესი წარადგინა

მედიის წარმომადგენლების აქცია პარლამენტში - რუსული კანონის წინააღმდეგ. 2023 წლის თებერვალი
კომერსანტი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამოსცა ბრძანება საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ, რომელიც ძალაში 18 სექტემბერს შევა. პაპუაშვილმა ახალი წესი დეპუტატებს ბიუროს სხდომაზე გააცნო.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით ზუსტდება და ახლებურად რეგულირდება პარლამენტის სასახლეში შესასვლელი საშვის დაშვებისა და სასახლეში შესვლის პირობები, ასევე, პარლამენტის სასახლის ვიზიტორთა ქცევის წესი და მისი დარღვევის შედეგები.

"ეს არის განახლებული წესი, რომელიც მანამდეც არსებობდა და მისი მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ როგორც პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების და სამუშაო გარემოს დაცვა, ასევე პარლამენტის სასახლეში შემოსვლის წესი, საშვის დაშვების წესი, ვიზიტორების შემოსვლა, ავტომანქანით შემოსვლა და ყველა ეს საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იყო, ერთ სისტემატიზირებულ მდგომარეობაში მოგვეყვანა, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბრძანების მიხედვით, დაუშვებელია პარლამენტის სასახლეში, პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე, სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების, მათ შორის, ბანერებისა და პოსტერების, ასევე ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების შეტანა.

ასევე, "ვიზიტორს ეკრძალება პარლამენტის სასახლის ტერიტორიაზე ტრანსპარანტების გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, შენობაში სადემონსტრაციო მასალის (პლაკატების, ბანერების, წარწერების და ა.შ.) გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება". ბრძანების მიხედვით, ვიზიტორია პარლამენტის სასახლის ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი, რომელიც არ არის პარლამენტის წევრი ან პარლამენტის აპარატის თანამშრომელი.

საქართველოს პარლამენტის ვიზიტორები ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის და პარლამენტის მანდატურის მითითებებს. მანდატური უფლებამოსილია, წესების დარღვევის შემთხვევაში მოსთხოვოს პირს დარღვევის შეწყვეტა, ხოლო მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მოთხოვოს პირს პარლამენტის სასახლის დატოვება.

"პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია წესების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს პრევენციულ ღონისძიებას დარღევის სიმძიმის და დარღვევის გამეორების რისკის შეფასების საფუძველზე და ვიზიტორს შეუზღუდოს პარლამენტის შენობაში შესვლა ერთ წლამდე ვადით" - ნათქვამია ბრძანებაში.

კომენტარები