გირჩი-დროა: ოცნება მორიგი რუსული კანონის მიღებას აპირებს და სტატუსის საბოტაჟს აგრძელებს

"ქართული ოცნება მორიგი რუსული კანონის მიღებას აპირებს"  - გირჩი მეტი თავისუფლება და დროა ერთობლივი განცხადებით ქართული ოცნების ინიციატივას ეხმიანებიან. მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას გეგმავს.

ორი პარტიის გაერთიანება ცვლილებას მორიგ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯად აფასებს და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის ინიციატივა იმ რეგულაციების მსგავსია, რომლებიც ავტოკრატიულ და დიქტატორულ რეჟიმებში მოქმედებს.

"ინიციატივა მიზნად ისახავს ერთი მხრივ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვას, ხოლო მეორე მხრივ იმ მოქალაქეთა დაშინებას, რომლებსაც შესაძლოა, სურვილი ჰქონდეთ მიმართონ პროტესტის გამოხატვის ისეთ ფორმებს, რომლებიც საჭიროებს სხვადასხვა კონსტრუქციის ან ტექნიკის (მაგალითად სცენა, გენერატორი, კარავი და ა.შ.) გამოყენებას.

ქვეყანაში, სადაც მხოლოდ ერთი ან რამდენიმე პოლიციელის ჩვენების საფუძველზე მოქალაქეებს აკავებენ, ასამართლებენ და სჯიან ცარიელი ფურცლით ხელში პროტესტის გამოთქმის გამო, ყველასთვის ცხადია რა შედეგები მოჰყვება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების სამართლებრივი შეზღუდვისკენ გადადგმულ ნებისმიერ ასეთ ნაბიჯს.

ქართული ოცნების მხრიდან ამ ინიციატივის დაკავშირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ ბრიფინგთან, სადაც მორიგ ჯერზე ითქვა რომ თითქოს ქვეყანაში მზადდება არეულობა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე რომ სუსი ემსახურება ერთი ადამიანის, ივანიშვილის რუსული ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისი გამოყენება ხდება თავისუფალი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის მიზნით.

და ბოლოს, ამ მორიგი რუსული კანონის ინიცირებით, ქართული ოცნება კიდევ ერთხელ ახდენს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტირებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესებშია" - ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ოცნება ახალ ინიციატივას 2 ოქტომბრის ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს,

კომენტარები