აშშ-ჩინეთი

ბაიდენისა და სი ძინფინგის შეხვედრა დასრულდა – მხარეები ცხელი ხაზის აღდგენაზე შეთანხმდნენ

ჯო ბაიდენმა და სი ძინფინგმა აშშ-ში შეხვედრა გამართეს, 15 ნოემბერი, 2023
Doug Mills/The New York Times via AP, Pool

აშშ-ში, სან ფრანცისკოს აზია-წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, პრეზიდენტი ჯო ბაიდენისა და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინგის ოთხსაათიანი შეხვედრა დასრულდა. ქვეყნების ლიდერები რიგ საკითხებზე შეთანხმდნენ, მათ შორის, საპრეზიდენტო ცხელი ხაზისა და სამხედრო მეთაურებს შორის კონტაქტების აღდგენაზე, ასევე აშშ-ში ფენტანილის შედინების შემცირებისთვის ჩინეთის მხრიდან გადასადგმელ საჭირო ნაბიჯებზე და ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო განვითარებაზე. ამასთანავე, ორი ქვეყნის პრეზიდენტმა მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ მხარეები 2022 წლის აგვისტოში, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის ფონზე, გაწყვეტილი სამხედრო სახის კავშირების აღდგენაზე შეთანხმდნენ.

ბაიდენის თქმით, იგი სი ძინფინგს შეუთანხმდა, რომ მათ შორის მაღალი დონის კომუნიკაცია შეუფერხებლად და მყისიერად იქნება შესაძლებელი. ამ გადაწყვეტილებით, ორი ზესახელმწიფო შეეცდება, მათ შორის სახიფათო ინციდენტები შემცირდეს, რაც ხშირად კომუნიკაციის ნაკლებობით გამოწვეული გაუგებრობის ბრალია.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ თითოეული ჩვენგანი შეძლებს ტელეფონი აიღოს, ერთმანეთს პირდაპირ დავურეკოთ და ერთმანეთისთვის სათქმელი მაშინვე მოვისმინოთ", -  თქვა ბაიდენმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეხვედრის მეორე მთავარ მიღწევად ბაიდენმა აშშ-ში ფენტანილის შედინების პრობლემის საკითხზე სი ძინფინგის მიერ მიცემული გარანტიები დაასახელა. ბაიდენის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტმა ჩინეთიდან აშშ-ში ფენტანილის დასამზადებელი პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვის ვალდებულება აიღო.

2019 წლიდან ჩინეთმა აშშ-ში ფენტანილის ექსპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა, ბაიდენის თქმით, ამ ქმედებით აშშ-ში მხოლოდ ფენტანილის დასრულებული სახით შედინება შემცირდა. ფენტანილის დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტების ჩინეთიდან ექსპორტი აშშ-სთვის მიმდინარე პრობლემად რჩება.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მან სი ძინფინგთან განიხილა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რისკებისა და უსაფრთხოების საკითხები იყო.

"აშშ ჩინეთთან მედგარ კონკურენციას გააგრძელებს, მაგრამ უზრუნველვყოფთ, რომ ეს კონკურენცია პასუხისმგებლობიანი იქნება, რათა კონფლიქტში ან შემთხვევით კონფლიქტში გადაზრდა თავიდან ავიცილოთ", - თქვა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე.

ჯო ბაიდენის მიხედვით, იგი სი ძინფინგს ჩინეთის იმ ქმედებებზე ესაუბრა, რომლებიც აშშ-ს აღქმით შეშფოთებას იწვევს. ეს მოიცავს, როგორც ჩინეთის მიერ ამერიკის მოქალაქეებისთვის ჩინეთში დაყოვნების შემთხვევებსა და ზოგადად ადამიანის უფლებების დარღვევას, ასევე ჩინეთის სახიფათო ქმედებებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

ჩინეთსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობები წინა წელს გაუარესდა, მას შემდეგ, რაც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მაშინდელი სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა, ხოლო მიმდინარე წელს ამერიკელებმა აშშ-ს თავზე ჩინური სადაზვერვო ბუშტი ჩამოაგდეს. ჩინეთისა და აშშ-ს ლიდერები ბოლოს ერთმანეთს 2022 წლის ნოემბერში შეხვდნენ.

კომენტარები