აშშ-ს საგარეო უწყების, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესბრიფინგზე კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მიღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
მილერის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტში ფიქრობენ, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო აცდება ევროპულ გზას და შეიძლება შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ კანონის მიღებას აშშ-ს მხრიდან შესაძლოა საპასუხო ქმედებები მოჰყვეს.
"ჩვენი პოლიტიკა არის ის, რაც ცხადად გამოვხატეთ ჩვენს განცხადებაში, რომ ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ, თუ ამ კანონპროექტს მიიღებენ, ის ავნებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ, ის საქართველოს გადაიყვანს ევროპული გზიდან და გვაშფოთებს, რომ კანონი შეზღუდავს დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქართველებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე წვდომისთვის. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია და არ მიუღიათ, ამიტომ შესაძლო შედეგებისა და ჩვენ მიერ შესაძლო ნაბიჯების განხილვა დღეს ნამდვილად არ მსურს... ამჟამად, ცხადად ვამბობთ, რომ გვაშფოთებს ეს კანონპროექტი, თუ ის წინ წაიწევს, რა შეიძლება გავაკეთოთ, დღეს გამოსაცხადებელი არაფერი მაქვს." – უპასუხა მილერმა ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუს შეკითხვებს.